უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. საკუთარ Twitter-გვერდზე დავით ზალკალიანი განცხადებას აქვეყნებს.
“ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის”, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს.
დღეს, უკრაინაში შედგება თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომა, სადაც განიხილება საკითხი საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. ეს ინფორმაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტუჩინოვმა "სამხედრო კაბინეტის" სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინულ გემებზე იერიში მიიტანეს. 25 ნოემბერს, დილით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარის მტკიცებით, ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.
უკრაინაში თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მხარი დაიჭირა წინადადებას უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილებას მხარი უკრაინას რადამ უნდა დაუჭიროს.