დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გავლილი წარსული სწორედ არის წარსული, რომელიც სახელმწიფოს უკავშირდება და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, - ამის შესახებ განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, გადაცემა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ იქნება კარგი პრეზიდენტი. მისი თქმით, პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს და ეს ეს არის წარმომადგენლობითი პრეზიდენტი.
„არა პრეზიდენტი, რომელიც ჩართული იქნება უშუალოდ "პოლიტიკურ პოლიტიკაში", არამედ რომელიც იქნება არაპარტიული ცხოვრების ნაწილი და სახელმწიფოებრივი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი. ამ ქვეყანას საზღვარგარეთ წარმომადგენელი სჭირდება. ჩვენ სწორედ ისეთ მდგომარეობაში და გარემოში ვართ, როდესაც ქვეყანას ყველა კუთხით სჭირდება წარმომადგენლობა. იმდენი მიმართულებაა, რომ ვერც საგარეო საქმეთა მინისტრი (რომელსაც თავისი უშუალო დანიშნულება აქვს) და ვერც მხოლოდ პრემიერმინისტრი ვერ შეასრულებენ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარეთ თუ ყველგან ვიქნებით. უნდა გამოვიყენოთ ყველა ფორმალური და არაფორმალური ქსელი, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, ქალ ლიდერთა ქსელი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ძლიერია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებასთან საზოგადოების წარმომადგენელიც უნდა იყოს.
"დღეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში არსებობს პრობლემა, რომელიც არის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგისა და ურთიერთგაგების პრობლემა. ხელისუფლება ჩართულია თავის ყოველდღიურ საქმიანობაში, კრიზისის დაძლევაში და ა.შ. საზოგადოება კი ზოგჯერ თვლის, რომ ხელისუფლებას მისი ტკივილის, წუხილის არ ესმის. პრეზიდენტის როლი არის მედიატორობა, შუამავლობა და არბიტრი. ყველა შემთხვევაში, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი მოვალეობის განცდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გავლილი წარსული სწორედ არის წარსული, რომელიც სახელმწიფოს უკავშირდება და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე თუ რამე მინდა ამ ქვეყანაში და თუ რამისთვის დავბრუნდი, ეს ყოველთვის იმისთვის იყო, რომ სახელმწიფო დამოუკიდებელი იყოს, გაძლიერდეს, განვითარდეს, გახდეს უფრო ევროპული და რომ ეს სახელმწიფო უფრო დემოკრატიული იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.