ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას თქმით, ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე გიგა ბოკერია გამჭვირვალე სასამართლოს ითხოვდა და ამბობდა, რომ ჟურნალისტების დაკავება არასწორი იყო. „პალიტრანიუსის“ ეთერში გიგი უგულავამ დღეს გამართლებული ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის განცხადებაზე ისაუბრა.
"ამ საქმეს მაშინვე, იმთავითვე ასდიოდა ცუდი სუნი და შეცდომაც იყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეცდომის შემდეგ, ცალკეულმა პირებმა ივაჟკაცეს იმისთვის, რომ მერე ეს საქმე ხელმძღვანელობისთვის ასე წარედგინათ და არა ისე. ეს ბიუროკრატიის ჩვეულებრივი ინსტინქტია. მაგრამ ერთი რამე კარგად ვიცი - ერთია, ვინც შეცდომა დაუშვა და მეორეა, რას აკეთებს დღეს ქართული ოცნების მთავრობა და მათ შორის ეს ადამიანები. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ გიგა ბოკერია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იჩხუბა ამ თემაზე, როცა ხელისუფლებაში ვიყავით.
ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოს და ამ პროკურატურას არ ვენდობი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი საქმე მხოლოდ პროპაგანდისტულად არის გამოყენებული და როდესაც ბატონი გედენიძე და აბდალაძე გამოდიან და ბოკერიაზე ლაპარაკობენ, ამ ორმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ბოკერია იყო ადამიანი, რომელმაც ისტერიკა მოაწყო, რომ ეს იყო არასწორი. [გიგა ბოკერია ამბობდა] საბუთები რომც არსებობდეს და საკმარისი სამხილები იყოს, რადგანაც არიან ჟურნალისტები, გირაო უნდა შეუფარდოთ და გამჭვირვალე სასამართლო უნდა იყოს. ზუსტად ამის გამო ვამბობ, რომ ეს ორი ადამიანი სპეკულანტია და დღეს, ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი" - ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და გიორგი გედენიძეები გაამართლა.