გაუგებარია მთელი ამ ხსნის განმავლობაში, რა უნდა ამ კაცს ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს, - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მის კომპანიას ბიძინა ივანიშვილის "ქართუმ" არჩევნებამდე 2 დღით ადრე 8 მილიონამდე ლარი გადაურიცხა, ჩამოაწერეს ბიუჯეტის ვალი და სანაცვლოდ მოითხოვეს ეთქვა, რომ ფარული ჩანაწერების შეგროვება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.
“ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი. ჯერ იყო და აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, ახლა ალბათ ანიმაციებზე გადავა სამომავლოდ. უბრალოდ, გაუგებარია მთელი ამ ხსნის განმავლობაში, რა უნდა ამ კაცს ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. 6 მილიონი ჰქონდა დავალიანება, როგორც ირკვევა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც გვარამიამ გაიგო და ვერც კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდათ და აეხსნათ საზოგადოებისთვის,მაგრა თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად რა უნდა ამ ადამიანს”, - განაცხადა კახა კალაძემ.