საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ხელი მოაწერა პარლამენტის დადგენილებას „სახელმწიფო უშიშროების საბჭოს შესახებ კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“.
დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადგენილება ძალაში შევიდა. თუმცა, ახალი ნორმა პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში. მანამდე კი არსებული საბჭოს ლიკვიდაციის პროცესი განხორციელდება.
ახალი ნორმის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლე საქართველოს მთავრობაა.
„საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება“, - წერია დადგენილებაში.
საქართველოს უშიშროების საბჭო მას შემდეგ გაუქმდება, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება 2016-2017 წლებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას მიიღო. მარგველაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში საბჭოს გაუქმების წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ პრეზიდენტთან უნდა არსებობდეს სათათბირო ორგანო, რომელიც ეროვნული უშიშროების საკითხებზე იმუშავებს.
წლის ბოლომდე საქართველოში შეიქმნება უშიშროების საბჭოს მსგავსი ახალი ორგანო, მაგრამ ის უკვე პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
„ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. უწყებას ჰყავს თავისი მდივანი. უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.