კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 64-ე წლიური სესია დასრულდა. ღონისძიების ბოლო დღეს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერიმ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა, რომელმაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება საქართველოს თემაზე გაამახვილა.
„საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და მან ამ ტემპით უნდა განაგრძოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რაც თავის მხრივ, ალიანსში კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ნატოს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, - განაცხადა როუზ გოტემოლერიმ.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს, ავღანეთის მისიაში გაწეული კონტრიბუციისათვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმომადგენს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის, სოფიო ქაცარავას და გიორგი კანდელაკის შემადგენლობით დაესწრო.
ჩრდილოატლანტიკური საპარლამენტო ფორუმი ასამბლეის პრეზიდენტის, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, მადელინ მუნის არჩევით დასრულდა.