წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა თათბირი, სადაც კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს დაევალა, რომ ყალბი პირადობის მოწმობები დაებეჭდათ, - ამის შესახებ „არჩევანში“ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
„ჩვენ დაგვიკავშირდა კონკრეტული ადამინი, რომელიც მუშაობს სერვისების განვითარების სააგენტოში. ცხადია, ჩვენ მის ვინაობას ვერ დავასახელებთ და ამის კანონიერი უფლება გვაქვს. იმიტომ, რომ ამ ადამიანს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას. წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა თათბირი, სადაც კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს დაევალა, რომ ყალბი პირადობის მოწმობები დაებეჭდათ, რომლის მიზანიც იქნებოდა ამ პირადობის მოწმობების არჩევნებში გამოყენება. ამ წყარომ ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია, ორ რეგიონულ ოფისთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქით, ეს არის გარდაბანი და წალენჯიხა, სადაც ის ადამიანები, რომლებიც ის ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ რეგიონულ ოფისებს ისინი არ აღმოჩნდნენ სანდოები, ამიტომ ეს ადამიანები მივლინებით გაუშვეს სხვა ადგილებში და მათ მოვალეობას ასრულებენ სხვა პირები. და ზუსტად ისინი, წყაროს ინფორმაციით, ხელმძღვანელობენ ამ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას“, - განაცხადა გიგაურმა.