ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას ამ გაჭირვების ფონზე, მაქსიმალური გრძნობადობა ჰქონდეს იმის, რომ ეს არის მისი ხელისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, ამას მრავალგვარი მიზეზი აქვს”
„სამწუხაროდ, რასაც ვხედავდი, იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, რაც იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობაში, რომელიც არ იყო კარგი. ისეთივე დამოკიდებულება იკვეთება ბევრ რეგიონში. პრობლემაა მერსა და საკრებულოს შორის ურთიერთობაზე, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემებზე, რომელიც უხვად გვაქვს და უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს, მხარი მხარს შეუდგან და ამ შემთხვევაშიც კი რთულია პრობლემების დაძლევა, დაეხმარონ ერთმანეთს და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ხალხს გაჭირვება, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ამას არ ვმალავდით, დღესაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც გვაქვს. ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ.
ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა, რომ საზოგადოებას გაჭირვების ფონზე მაქსიმალური გრძნობადობა ჰქონდეს, რომ ეს მისი ხელისუფლებაა, მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს, რომ მათ ყოფა შეუმსუბუქოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.