2000 ლარამდე ვალის ჩამოწერა და 5 კილოგრამი კარტოფილის დარიგება კანონდარღვევაა - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც ვალების ჩამოწერასა და მოვალეთა შავი სიიდან ამოღებას ეხება.
"ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მოსყიდვა. თუმცა ვერანაირი მსგავსი მეთოდი მათ ვერ უშველით. ისინი ამ არჩევნებში აუცილებლად დამარცხდებიან. თუმცა ვინ უნდა გამოიძიოს ეს მოსყიდვა პროკურატურაში ივანიშვილის პროკურორები არიან, სასამართლოში ივანიშვილის მოსამართლეები არიან და რა უნდა გამოიძიონ ივანიშვილმა დაარღვია თუ არა კანონი?!,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ. ვალები იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოისყიდის.