ხვალ, 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, გაიმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. შეხვედრას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები.
უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხდება ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა და იდენტიფიცირება, რომელთა განხორციელებაც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან სხვადასხვა დარგში.
ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიც არის: ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა.
უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც უკვე გაიმართება თემატური დისკუსიები, ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.