საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, მთავრობის ინიციატივას ჭარბვალიანობის დაძლევასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი ამ ინიციატივას მორიგ აფიორას უწოდებს და აცხადებს, რომ შეუძლებელია ფონდ "ქართუს" სესხების განულება მილიარდნახევარი ლარი დაუჯდეს. მისი თქმით, "მაქსიმუმ "ქართუს" ეს დაუჯდეს 20-30 მილიონი, რომელსაც ამოიღებს შემდეგ სამმაგად".
"მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს, რომელიც ასე დაამცირეს გაძარცვეს, ასე მოექცე რომ კიდევ ახალი ტყუილებით კვებო. მათ თქვეს, რომ მილიარდნახევარ ლარზეა საუბარი უკვე დიდი სიცრუეა, არანაირ მილიარდნახევარ ლარზე არ არის ლაპარაკი, მაქსიმუმ "ქართუს" ეს დაუჯდეს 20-30 მილიონი, რომელსაც ამოიღებს შემდეგ სამმაგად. საუბარია 600 ათას ადამიანზემ რაც სრული სიცრუეა, საუბარია მაქსიმუმ 30-40 მაქსიმუმ თუ ფანტაზიაა 50 ათას ადამიანზე, მაგრამ მე მგონია არ არის 50 ათას ადამიანზე ლაპარაკი, იმ ხალხზე, ვისაც აქვს 2000 ლარზე ნაკლები უიმედო ვალი, რომელსაც ისედაც ჩამოაწერენ ხოლმე. მთავარი რაც არის, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა, რომ მართლა კაპიკი არ გადაიხადა, იმიტომ რომ სადაც ერთი კაპიკის წაღლეტვის და გატყავების საშუალება მაინც არის, სადაც ადამიანს თუნდაც ერთი ლარი აქვს გადახდილი იმას არ ეხებიან, ეხებიან იმას, სადაც უკვე ხალხი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია მიტანილი, ეს არის ტოტალიზატორში ან კაზინოში მოთამაშე ადამიანი, ის რომ მაინც არ გადაიხდის არც ბინა აქვს ჩადებული, არც ხელფასი აქვს მიმაგრებული იმათზე... თორემ სადაც არის მშრომელი ადამიანი, რომელიც იხდის იპოთეკას, რომელიც არის დიდი პროცენტები, სადაც არის ლაპარაკი იმაზე ვისი სამომხმარებლო სესხიც მიბმულია ხელფასზე იმას არ ეხება. ეს არ ეხება საქართველოს საზოგადოებას, ეს არ ეხება ჩვენს საშუალო კლასს ან იმ ადამიანებს ვინც პატიოსნად იხდის.
ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან. ყველამ იცის, რომ მატყუარაა, ყველამ იცის, რომ ეს არის კაცი რომელმაც გააძრო არჩევნების წინ უფასო ფული, გააძრო სახელოდან გადასახადების ორჯერ შემცირება, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და თქვა, ქუთაისში ვაშენებო, წადით და ნახეთ ის ტრიალი მინდორი, გააძრო დაპირება ასი ქარხნის და ბიტკოინების ქარხანა ააშენა თავისთვის და თქვენი დენი მოიხმარა", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, რომელთა შორის 150 ათასი სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეა. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ნახონ, ეხებათ თუ არა მთავრობის ინიციატივა.