ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდ-ნახევარი არ იქნება ,– ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც, მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა.
„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, რადგან ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდ-ნახევარი არ იქნება . დარწმუნებული იყავით, ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. ჯერ ერთი ამას გაასაღებენ და მეორეც ერთი, დიდი ბოდიში მომიხდია და თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და შემოსავლებით სად ვიმყოფებით, მოგეხსენებათ. თუ ასე ზრუნავენ, მაპატიეთ, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ. არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც? მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა. ჩვენ თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც ვაგრძელებთ და საქართველოს მოქალაქე დავტოვეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების უღელქვეშ, ეკონომიკას ჩამოვანგრევთ და ამის მაგალითი ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში ბევრჯერ იყო, როდესაც ფინანსური და საბანკო კრიზისი ანგრევდა ეკონომიკას. საქართველო ამ მიმართულებით მიდის ზუსტად, თუ არ მივიღეთ სასწრაფო ზომები. ამ ჩამონგრეულ ეკონომიკაში მოქალაქესთან ერთად, დარწმუნებული იყავით, ის ბანკებიც მოყვებიან, რომლებიც ახლა მევახშეებად და ლომბარდებად არიან გადაქცეულები და არანაირი კავშირი აღარ აქვთ ნორმალურ საფინანსო დაწესებულებებთან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება, რომელთა შორის 150 ათასი სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქეა. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეეძელაბთ ნახონ ეხებათ თუ არა მთავრობის ინიციატივა.