ჩემი მოთხოვნაა, ჩემი მოწოდებაა, ნუ ეცდებიან, გახადონ ფორმიანი ხალხი პოლიტიკურ საჯილდაო ქვად, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ანა დოლიძემ ჰააგის სასამართლოს თემაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„ ეს არის თემა, რომლის პოლიტიზირება მიუღებელია. იმისთვის, რომ დავიწეროთ პოლიტიკური ქულები, მიუღებელია რომ ფორმიანი ხალხი გავრიოთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, პოლიტიკურ დისკუსიაში. მათი გაღიზიანების, მათი შეშფოთების მეშვეობით დავიწეროთ პოლიტიკური ქულები. ამას აკეთებს ორივე კანდიდატი, ჰააგის და აგვისტოს ომის თემის წამოწევით, ამ თემასთან მიმართებაში ჩვენ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ სახელმწიფოებრივი პოზიცია. სახელმწიფოებრივი პოზიცია არის შემდეგი - აგრესია მოახდინა რუსეთმა, საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულებები. ყველა სხვა პოზიცია, რომლის მიზანია, შეშფოთება გამოიწვიოს ჩვენს ჯარისკაცებში, შეშფოთება გამოიწვიოს ჩვენს გენერალიტეტში, ეს არის პოზიცია, რომელიც პირად პოლიტიკურ ინტერესს უფრო წინ აყენებს, ვიდრე სახელმწიფებრივ ინტერესს და დაუშვებელია. ამის წინააღმდეგ მე ყოველთვის ამოვიღებ ხმას“, - განაცხადა ანა დოლიძემ და აღნიშნა, რომ ეს თემა კვლავ გააცოცხლა გრიგოლ ვაშაძემ და შემოიტანა, როგორც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი.
„ეს თემა კვლავ გააცოცხლა გრიგოლ ვაშაძემ და შემოიტანა, როგორც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. ჩემი აზრით, როგორც კი ამოდის ჰააგის თემა ეს არის მცდელობა, ფორმიანი ადამიანები გარიონ პოლიტიკაში. ეს ჩვენი კანონით აკრძალულია, ჩვენი კონსტიტუციით დაუშვებელია, იმიტომ არ აქვთ ფორმიან და იარაღიან ხალხს, მიტინგზე გამოსვლის უფლება, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკის გარეშე. და ჩემი მოთხოვნაა, ჩემი მოწოდებაა, ნუ ეცდებიან გახადონ ფორმიანი ხალხი პოლიტიკურ საჯილდაო ქვად“, - განაცხადა დოლიძემ.