„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზარ-ზეიმით აბრუნებს ხელისუფლებაში - დავით უსუფაშვილი, - ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
შეკითხვაზე ხომ არ განიხილავს „ქართულ ოცნებაში“ მიბრუნებას, უსუფაშვილმა უპასუხა რომ არ განიხილავს.
„მოკლედ გიპასუხებთ, რომ არა. უკან მიბრუნებას არ ვაპირებ. 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ბიძინა ივანიშვილთან განვიხილე თანამშრომლობა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მე არაფერს განვიხილავ, გარდა იმისა რასაც ვაკეთებ. ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიული დემოკრატია და დარწმუნებული ვარ, „შენების“ პარტია და ის ხალხი, ვისთან ერთადაც ჩართული ვარ ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის შენებაში. 7 წლის წინ ჩვენ ვსაუბრობდით „ქართული ოცნების“ ლიდერებთან რატომ უნდა წასულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან. ვიცი მე ეს დღესაც. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზარ-ზეიმით აბრუნებს ხელისუფლებაში. მე რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, რომ მივეხმარო “ოცნებას” დააბრუნოს ის ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ერთად დავდექით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.