საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მუქარის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არის და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. მისივე განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი
მისივე თქმით, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს აგრესია და ამას გაემიჯნოს.
„არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. ვფიქრობ, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარა აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია არის განსაკუთრებით მაღალი. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია. ეს უნდა დასრულდეს“, – დასძინა ჩუგოშვილმა.