რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და ჩვენ დავინტერესდებით იმით, თუ რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მისივე თქმით, ბოლო დღეებში, კერძოდ, 9, 10 და 11 ნოემბერს მისი და მისი შვილების მისამართით განხორციელდა ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც მისივე თქმით, ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.