ჩემი შვილები საფრანგეთის მოქალაქეები არიან და საფრანგეთმაც რეაგირება უნდა მოახდინოს მათ მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მასსა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს.
„ეს არ არის ერთი ადამიანის მუქარა. ერთი კაცით დაიწყო და გავრცელდა. რამდენიმე კაცი მონაწილეობს ამ მუქარაში. ერთი მხრივ, ჩემი ბიჭის და მეორე მხრივ, ჩემი ქალიშვილის მიმართ, რომელიც არის საფრანგეთში ჟურნალისტი და იქაც გადავეცი ეს ინფორმაცია. ჩემი შვილები საფრანგეთის მოქალაქეები არიან და საფრანგეთმაც რეაგირება უნდა მოახდინოს მათ მიმართ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მას და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მისივე თქმით, ბოლო დღეებში, კერძოდ, 9, 10 და 11 ნოემბერს მისი და მისი შვილების მისამართით განხორციელდა ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც მისივე თქმით, ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.