ყველა საკითხი განსახილველია, საინტერესოა, მაგრამ აქ ემოცია არ უნდა ჭარბობდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ უმრავლესობის დეპუტატის, ლევან კობერიძის Facebook პოსტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ინიციატივით გამოდის, რომ ლუსტრაციის კანონი იქნას მიღებული.
მისი თქმით, გაცილებით მძიმე სურათს ხატავს "ნაციონალური მოძრაობა".
"ყველა საკითხი განსახილველია, საინტერესოა, მაგრამ აქ ემოცია არ უნდა ჭარბობდეს. მე გეუბნებით, რომ გაცილებით მძიმე სურათს ხატავს "ნაციონალური მოძრაობა" და იმაზე გადართვა, რა თქვა მეჩითოვმა, არასწორად მიმაჩნია, მით უმეტეს არაადეკვატური და სიმართლისგან მოგლეჯილი განცხადება გააკეთა. ამ არაადეკვატურობით ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა", გადაფაროს ყველაფერი, რაც გააკეთა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ლუსტრაციის კანონი! სასწრაფოდ ! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველოს შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ - მივმართავ კოლეგა დეპუტატებს, შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, - დაწერა ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში.