ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ნუ დემაგოგობ, ხმას დაუწიე, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას ბიუროს სხდომაზე.
სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტი ვერ დასჯის დამნაშავეებს. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს ყველა.
„ძალიან უხერხულია, როცა ასეთი აღრევა ხდება, მგონია, რომ აპელაციამ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს, პასუხი გასცეს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. ველოდებით სააპელაციო სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის მკვლელი, ვინ არ არის, სწორი იყო თუ არა ის, რაც პირველმა ინსტანციამ გააკეთა. ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს აპელაციამ და არა პარლამენტმა. ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ თითქოს, პარლამენტს გვთხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ხალხი, ვიპოვოთ მკვლელები, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. თუ ასე გვინდა აღრევა ხელისუფლების პრინციპების, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე“, - განაცხადა ბესელიამ, რომელსაც ხოშტარიამ მას უპასუხა, რომ რომელ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, როცა სააპელაციო სასამართლომდე გაყალბებული საქმე მივიდა.
„რა აღრევებზე საუბრობთ, კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არ არის. 1 წელი გადის უკვე, რომელ სააპელაციო სასამართლოზე ლაპარაკობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა? ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როდესაც გაყალბეულია საქმე, ამის უფლება არ მივცეთ, დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა. ამის პარალელურად ურტყამთ იქ სარალიძეს. რაზე ლაპარაკობთ“,- უთხრა ხოშტარიამ ბესელიას.