გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირები კურირებენ მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებას.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" გადავიდა ე.წ. ტოტალ კონტროლზე, რომელიც ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს, რითაც უნდათ, რომ არჩევნებში რაიმე შედეგი მაინც დააფიქსირონ. კერძოდ, მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები გადანაწილებულები არიან რეგიონების მიხედვით და მათ აქვთ კონკრეტულად ჩაბარებული პასუხისმგებლობა საარჩევნო შედეგთან დაკავშირებით.
მისივე განცხადებით, მათ მიზანს წარმოადგენს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველი ვერ მივიდეს არჩევნებზე და მოხდეს სალომე ზურაბიშვილის ხმების მობილიზება.
„აჭარაზე მიმაგრებული არის სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომელსაც პირადად აქვს ჩაბარებული ეს ყველაფერი. სამეგრელოში ჯერ იყო შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება და ახლა პირადად, გიორგი გახარია არის შს მინისტრი გადასული იქ და შტაბი აქვს იქ გახსნილი და პირდაპირ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით. იმერეთში ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ცალკე შტაბი აქვს გახსნილი და მუშაობენ იქ. კახეთი - გოგაშვილი-თამაზაშვილი, ასე ვთქვათ, ამ დაჯგუფებას აქვს აღებული პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც ტოტალ კონტროლის განხორციელების. შიდა ქართლი შს მინისტრის მოადგილე საბანაძე, რომელიც არის მიმაგრებული შიდა ქართლზე, რომელსაც აქვს ეს ვალდებულებები დავალებული და ქვემო ქართლი, ეს არის ლექსო დალაქიშვილი, რომელიც არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი და ფარცხალაძის მარჯვენა ხელი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ეს პირები საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლას ახორციელებენ და ასევე, ფულს იხდიან პირადობის მოწმობების ქირაობაში.
მისივე თქმით, ამ ტოტალური კონტროლის განხორციელებაში ჩართულები არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული უბნის ხელმძღვანელებს ახსნა-განმარტებებს აწერინებენ, თუ რატომ დამარცხდა სალომე ზურაბიშვილი და რა შესაძლებლობები არის მეორე ტურისთვის. ვაშაძის განმარტებით, მაღალჩინოსნების ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა.