ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს მლოცველები და მთელი ქალაქი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით განაცხადა.
გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაშაძემ განაცხადა, რომ აღარასოდეს უნდა განმეორდეს ის, რაც ვიხილეთ გუშინ. მისი თქმით, ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა კრიმინალებმა შექმნეს მოძალადე „ხელისუფლება“. მისივე თქმით, ხელისუფლება არ არის ის, რომელიც თავს ესხმის შვილმოკლულ მამებს და ეუბნება - კონსტიტუციური უფლება უნდა შეგიზღუდოთ შეკრების და შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას რომ შეეხება.
„ამ დროს ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს მლოცველები და მთელი ქალაქი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმზე. გილოცავთ, ბატონო ივანიშვილო, შვილის გაბედნიერებას, მაგრამ ეს ფეოდალური სამფლობელო არ არის, ჩვენი სამშობლოა. სვეტიცხოველი ყველას ეკუთვნის, არ დაკეტილა ამდენი წლის განმავლობაში. ვინ მისცა ამათ უფლება სვეტიცხოვლის დაკეტვის და მლოცველების არ შეშვების, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს. ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს ფეოდალიზმია. არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია არ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. არ გვაინტერესებს ვის რამდენი აქვს შვეიცარიულ ბანკში. სვეტიცხოველი და მცხეთა ეკუთვნის ყველას, ევაკუაცია თუ გნებავთ, გაუკეთეთ თქვენს პირად სახლს“, - განაცხადა ვაშაძემ.