აგრესიული ფონი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” მთელი კამპანიის განმავლობაში ქმნიდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ატოცში მომხად ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ იმედია, საქართველოს უსინდისო პრეზიდენტი არ ეყოლება.
მისი თქმით, ის მომხდარს უარყოფითად აფასებს, „რადგან სალომე ზურაბიშვილი მისული იყო იქ, სადაც გვტკივა“.
„ბუნებრივია, მომხდარს უარყოფითად ვაფასებ, რადგან სალომე ზურაბიშვილი მისული იყო იქ, სადაც გვტკივა. იმ ტერიტორიაზე, სადაც, სამწუხაროდ, ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება. შესაბამისად, ის აგრესიული ფონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მთელი კამპანიის განმავლობაში ისმოდა, სალომე ზურაბიშვილს საოკუპაციო ხაზთანაც დახვდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ოკუპაციის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.