დღეს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, დაუბრუნდნენ საერთო ოჯახს და ახლა უსირცხვილოდ ეფერებიან ერთმანეთს „ზაპაროჟეცებისა“ და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მას გული იმაზე წყდება, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ნაწილად გაყოფა ორივე ფრთას დაასუსტებდა, მცდარი აღმოჩნდა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საზოგადოებასთან გულწრფელი არასდროს იყვნენ და ყოველთვის კონიუნქტურული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ.
„მათი რიტორიკა, რაც იყო 7 ნოემბრამდე, იგივეა 7 ნოემბრის შემდეგ, რა რიტორიკაც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იგივე რიტორიკა აქვთ ოპოზიციაში. დღეს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, დაუბრუნდნენ საერთო ოჯახს და ახლა უსირცხვილოდ ეფერებიან ერთმანეთს „ზაპაროჟეცებისა“ და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - "ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი".