ერთი ოჯახი რომ ხართ და ერთი პოლიტიკური ფესვებიდან მოდიხართ, ამას ვამბობდით სწორედ და არც გვქონია სხვა ილუზია, - ასე მიმართავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ეს განცხადება 7 ნოემბერს გაკეთდა.
„ეს თქვენ ამტკიცებდით შიგადაშიგ რომ სხვანი იყავით და რამდენიმე ცდილობდა უმძიმეს პოლიტიკურ წარსულს გამიჯვნოდა. ერთმანეთთან დაბრუნება არ გაგვკვირვებია ამიტომაც. ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. სულ ტყუილად ცდილობენ ამ ჯამის სათავისოდ დათვლას და მორგებას! სიმბოლურია, რომ ეს განცხადება 7 ნოემბერს გაკეთდა. ამ ძალადობრივი, ყველაზე სასტიკი დღის მე-11 წელს! სიმბოლურია მართლაც!“, - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი".