გრიგოლ ვაშაძის მიზანი არის არა საპრეზიდენტო მანდატის განხორციელება, არამედ დესტაბილიზაცია და დესტაბილიზაციის გზით, ტროას ცხენის როლის შესრულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი კიდევ უფრო ნათელი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებასა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით აქციებს გულისხმობს.
თალაკვაძის განცხადებით, რაც ვაშაძემ უთხრა „დოიჩე ველეს“, რომ სათავეში ჩაუდგება ქუჩის პროტესტს, სადაც 50-60 ათას ადამიანთან ერთად შეცვლის მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს, ეს არის რეალურად მათი გეგმა.
მისივე თქმით, ვაშაძის განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
„გრიგოლ ვაშაძე სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მან უნდა დააბრუნოს სააკაშვილი, გამოუშვას სასჯელაღსრულების სისტემიდან ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც უმძიმესი დანაშაულებების გამო არიან პატიმრობაში და ქუჩაში გამოიყვანს ხალხს, ჩაუდგება ამას სათავეში, რათა ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად არაკონსტიტუციურია. ეს განცხადება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ვფიქრობ, ამაზე მეორე ტურში საზოგადოების ძალიან პრინციპულ რეაქციას ნახავენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.