საკადრო ცვლილებები განხორციელდება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება – პარტიასა თუ სამთავრობო სტრუქტურებში - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას.
მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ დღეს არჩევნები ტარდება თავისუფალ გარემოში და ყოველგვარი შიშის გარეშე, არის სწორედ ამ ხელისუფლების და ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელსაც წვლილი აქვს შეტანილი ამ საქმეში. “ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და არ დავუშვათ ცრუ და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება“.
„ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ, ქართულ ოცნებას, მთავრობას, დანახული გვაქვს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და მათ შორის, შეფასებული და გაანალიზებულია არჩევნების შედეგიც. სრულად ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმ შეფასებაში, რომ შესაძლოა ხელისუფლება ყოველთვის არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და მოსახლეობის ყველა პრობლემა არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ხელისუფლების დასჯის სურვილი არ უნდა გაიგივდეს იმ რეჟიმის მხარდაჭერასთან, რომელსაც ერთად ვებრძოდით და რომლის დაბრუნების წინააღმდეგიც ვართ ყველანი“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური შემადგენელის გარდა, მნიშვნელოვანია იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე აქცენტის გაკეთება, რაზეც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება და რაც ძალადობასა და რევანშზე დაფუძნებული რეჟიმის მხარდაჭერას გამორიცხავს.
მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები სამთავრობო გუნდში, ამ შეკითხვის პასუხად მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ „საკადრო ცვლილებები ყოველთვის უნდა განვსაზღვროთ საჭიროებებიდან გამომდინარე, ის უნდა ემსახურებოდეს ამოცანას, მიზეზს და ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, საკადრო ცვლილებები განხორციელდება იქ, სადაც ეს საჭირო იქნება – პარტიასა თუ სამთავრობო სტრუქტურებში“.