ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა, რომელსაც მოსახლეობის ნულოვანი ნდობა აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახლავე უნდა დაიწყოს „ქართულმა ოცნებამ“ ფიქრი და ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.
„ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა. ადამიანის, რომლის მიმართაც არათუ ჭარბი ნდობა, არამედ ნულოვანი ნდობა გააჩნია ჩვენს მოსახლეობას. მან განაცხადა, რომ არ ისაუბრებდა ცხრა წელზე, მაგრამ სინამდვილეში საუბრობდა მხოლოდ ცხრა წელზე და წარსულზე. მათ განაცხადეს, რომ გაიგეს ხალხის წუხილი, თუმცა სინამდვილეში, ამჯერად უკვე ხალხის ფულით აპირებენ ხალხის მოსყიდვას. ხალხის მოთხოვნა არის სარალიძის მკვლელების და იმ მაღალჩინოსნების დასჯა, რომლებმაც მკვლელებს ხელი დააფარეს. ხალხის მოთხოვნა არის გათავხედებული ჩინოვნიკების ალაგმვა. ხალხის მოთხოვნაა არაფორმალური წარმონაქმნების და ისეთი ბიზნესსუბიექტების ალაგმვა, როგორიც არის ფარცხალაძე და არამარტო ის. ამ ყველაფრის ფონზე ვიხილეთ აბსოლუტურად უტიფარი განცხადება, რომ თურმე, მთავარი შეცდომა „ქართული ოცნების“ ყოფილა ის, რომ მათ კოჰაბიტაცია დაუშვეს პოლიტიკურ ოპონენტებთან. 6 წლის თავზე „ქართული ოცნება“ მთავარ შეცდომად მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ უფრო მეტი სისასტიკით არ გაუსწორდა და არ ამოძირკვა. გამოსავალი ასეთ ვითარებაში არის მხოლოდ ერთი და მე პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსმინდა მივმართო, ძალადობის გარეშე ჩაატარეთ მეორე ტური და შეეგუეთ იმ შედეგს, რა შედეგიც დადგება. ახლავე უნდა დაიწყოს „ქართულმა ოცნებამ“ ფიქრი და ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება, რომელიც ამ ჩიხიდან და ჭაობიდან გამოიყვანს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა უგულავამ.