ამ განცხადების შინაარსი ის იყო, რომ თავი შეეცოდებინა ამომრჩევლისთვის, რომ იქნებ როგორმე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველს გული შემობრუნებოდა "ქართული ოცნებისკენ", მაგრამ ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო შეშინებული ადამიანის განცხადება, რომელიც ძალიან გვიან მიხვდა, რომ ნდობა არ ჰქონია.
გოცირიძე ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ის "ქართული ოცნების" "ძველ გვარდიას" მიმართავს.
"კომიკური იყო განცხადება ძველ გვარდიასთან მიმართებაში, ვინც კი "ქართულ ოცნებაში" წერა-კითხვა იცოდა, ყველა წავიდა, გუბაზ სანიკიძის ფრთა, ალასანიას გუნდი, „რესპუბლიკელები“. „ქართულ ოცნებაში“ დარჩა შევარდნაძის გვარდია და "ნაციონალური მოძრაობიდან" გადაბარგებულები, ამიტომ არავითარი გვარდია ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.