ჩვენი ანგარიში აღნიშნავს რამდენიმე სერიოზულ პრობლემას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, სახელწიფო მოხელეთა მიერ კამპანიის ჩატარებას და არაბალანსირებულ დაფინანსებას, ე.წ. ტექნიკური კანდიდატების გამოყენებაც დემოკრატიის დამახინჯებაა, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთო ჯამში საქართველო წარმოადგენს რეფორმების მაგალითს და ლიდერია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„ნატო-ს წევრობა სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში და საქართველო ამით აღიარებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, რომლებიც ჩვენ ალიანსის საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველო იყო და კვლავ რჩება ლიდერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, დადებითი მაგალითი მშვიდობიანი დემოკრატიული გარდაქმნისა. საქართვლოს მეგობრები, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ ამ პროცესს.
წლების განმავლობაში არა ერთხელ აღვნიშნეთ შეშფოთება იმ საფრთხეებზე, რომლებიც მომდინარეობს ზედმეტი პოლარიზაციიდან, კომპრომისისა და დიალოგის კულტურის არარსებობისგან. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ძლიერი დაცვის მექანიზმების გარეშე, ძალაუფლებისა და რესურსების კონცენტრაცია შეიძლება რისკს წარმოადგენდეს დემოკრატიისათვის. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გვიჩვენებს, რომ ხსენებული პრობლემები არ იყო ჯეროვნად გადაჭრილი", - განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეამჩნიეს უარყოფითი პროცესი, კერძოდ, როგორც ლიტველი დეპუტატი ამბობს, სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობოების წინააღმდეგ
„გარდა ამისა, ჩვენ უარყოფითი პროცესი შევამჩნიეთ, რომელიც მანამდე არ ჩანდა. კერძოდ, ვერბალური, სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობოების წინააღმდეგ. ეს ყველა პრობლემა ერთობლიობაში დიდ კონტრასტს წარმოადგენს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან. ამის მიუხედავად, გუშინ ბევრი მოქალაქეს გადაწყვეტილი ჰქონდა, მათი უფლება გამოეყენებინათ და აერჩიათ სახელმწიფოს მეთაური. გულდაწყვეიტთ აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ვერ მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში.
ბევრმა დამკვირვებელმა შეიტანა თავისი წვლილი გამჭვირვალე დემოკრატიულ პროცესში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მივესალმო ყველა მათგანს“,- აღნიშნა იუკნევიჩენემ.
მან მეორე ტურის შესახებაც ისაუბრა. იუკნევიჩენე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც მათ ანგარიშშია ასახული.
„საქართველო პირველად ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. იმედია, ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გადაიჭრას, გადაიჭრება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაჭრას უფრო ვრცელი პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია აღნიშნული.
რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას ამ ძალისხმევაში და გავაგრძელებთ კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას. ხელს შევუწყობთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, რის გარეშეც არც ერთი რეფორმა არ იქნება მდგრადი. თუ საქართველო გადაწყვეტს ამას, საქართველო შეიძლება დარჩეს დადებითი მაგალითი რეფორმატორული კურსის და ლიდერი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში“,- განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.
მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.