"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მისი თქმით, მან ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს.
მისივე განცხადებით, მეორე ტურის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ თუ იქნება, არანაირი კითხვები აღარ დარჩება, რადგან უპირობოდ გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი.
"მე ვფიქრობ რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას, ევროპა და კულტურა. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.