ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა კომენტარი გააკეთა არაგვის ხეობაში, სოფელ ქვეშეთში მის საცხოვრებელ სახლზე, რომელზეც საუბარი იყო ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში. კვირიკაშვილის განმარტებით, სახლის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა, მოგვიანებით კი მოხდა სახლის ე.წ. ლეგალიზაციის სამართლებრივი პროცესი.
„სამწუხაროა, რომ არ იქნა ჩემგან ინფორმაცია გამოთხოვილი ან გადამოწმებული. ჟურნალისტმა იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ 2016 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერით. არადა, უფრო მეტი რომ მოეკვლია, მინიმუმ მაინც უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსაც მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ სახლიც. მინიშნებულია, რომ 250 კვადრატული მეტრი იყო სახლი. პატიოსნად ვიმსახურე, სადაც ვიმსახურე. სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა არც ერთი ამოსუნთქვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე იყოს გარკვეული და მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 ოქტობერს ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გუშინვე განცხადებით გამოეხმაურა. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს სახლი ქვეშეთში პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ააშენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ ქვეშეთში წლების წინ წინ აშენებულ ჩემს სახლს ეხებოდა.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი მდებარეობს, 10 წლის წინ შევიძინე, ხოლო სახლის მშენებლობა 2010 წელს დავასრულე, რაც ასახულია კიდეც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ვავსებ – შეგიძლიათ იხილოთ 2013 წლის (ამ დროს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ახალი დანიშნული გახლდით) ქონების დეკლარაცია, რომელიც საჯაროა, სადაც დაფიქსირებულია 250 კვ.მ. სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმ წლებში, როცა სახლი ავაშენე, საჯარო სამსახურში არ ვმუშაობდი. 2006 წლიდან 2011 წლის ბოლომდე მე ვიყავი ბანკის გენერალური დირექტორი და სიუჟეტში ნაჩვენები სახლი სწორედ ბანკში მუშაობისას მიღებული ანაზღაურებით აშენდა.
სახლის ასაშენებლად ნაწილობრივ სესხითაც ვისარგებლე, რისთვისაც იპოთეკით დატვირთულია თბილისში მდებარე სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და რომელიც ასევე შეძენილია 2006 წელს იპოთეკური სესხით. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დღესაც დატვირთულია იპოთეკით, შესაბამისად, 10 წელზე მეტია, ყოველთვიურად ვიხდი ბანკში არსებულ სესხს. ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია ჩემს დეკლარაციაში, რომლის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს სახლი ქვეშეთში პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ავაშენე, გახლავთ რეალობის განზრახ დამახინჯება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.