არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მითუმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება, თუ ამას ისიც დაემატება, რომ ამაზე დამოკიდებულია მედიასაშუალების ფუნქციონირება, ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ შინაარსს იძენს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ის არ თვლის, რომ ამ პროცესებით, რამე არასწორი ხდება.
„მთავარია, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მითუმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს, ასე რომ მე არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.