მაგათ დროს ტოტალურად იყო დაშანტაჟებული ბიზნესი, დღეს გვაქვს პირიქით, რომ ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისი "შემობრუნება" არათუ მედიაზე ზეწოლისთვის მოხდა, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ცდუნება გუნდში.
„ჩემი შემობრუნება არათუ მედიაზე ზეწოლისთვის მოხდა, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს ცდუნება გუნდში, რათა ცვლილებები არ დაიწყოს იმაში, რაც ამ დრომდე მივიღეთ და განვითარების ნაცვლად, უკან არ წავიდეთ. თუმცა ამის მაგალითები დღეს არ ისახება. თუ ადრე ხელისუფლება ბიზნესს აშანტაჟებდა, მათ შორის მედია, თუნდაც „მაესტრო“, გახსოვთ რა მოხდა „იმედში“, „იბერიაში“. მაგათ დროს ტოტალურად იყო დაშანტაჟებული ბიზნესი. დღეს გვაქვს პირიქით, რომ ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს. ხელისუფლების მიერ დაშანტაჟების არც ერთი მაგალითი არ გვაქვს, გარდა ამ გაუგებარი ჩანაწერებისა, რომელიც არავინ იცის, როგორ არის დაყენებული“, - განაცხადა ივანიშვილმა.