ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ ამოყარეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სახლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრზეც. მათ პრემიერ-მინისტრის მეზობლის ეზო აჩვენეს პრემიერ-მინისტრის ეზოს ნაცვლად. ისინი არც შეეკითხნენ ამ ადამიანებს, თუ ვისია, მათია თუ არა, არ გაუხსნიათ დეკლარაციები და სწორედ ამ სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობდი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც მმართველი გუნდის წევრების უძრავი ქონება იყო ნაჩვენები.
ივანიშვილის თქმით, მათ შეარჩიეს მათთვის საუკეთესო რესპონდენტი სესიაშვილი, რომელიც ტელევიზიაშიც არ მიიყვანეს, ისე ჩართეს, თუმცა, მისივე თქმით, მაინც 100:0 წააგეს სესიაშვილთან..
„ატეხეს აჟიოტაჟი აი, ნახეთ, როგორი კორუფციაა და როგორი სასახლეები აქვთო ნაცვლად იმისა, რომ მათთვის კითხვები დაესვათ, ვისი სასახლეებიც გადაიღეს. ლევან იზორია და მანანა კობახიძე თავად დაუკავშირდნენ კომენტარის გასაკეთებლად რუსთავი 2-ს, თუმცა უარი უთხრეს. დიდი ზეწოლისა და თხოვნის შემდგომ, როდესაც ნახეს ჯგუფური დამოკიდებულება სახლების მფლობელების, მათ შეარჩიეს მათთვის საუკეთესო რესპონდენტი სესიაშვილი, რომელიც ტელევიზიაშიც არ მიიყვანეს, ისე ჩართეს. ნახეთ, რამდენი კაცი დახვდა და როგორ ექცეოდნენ, მაინც 100:0 წააგეს. სესიაშვილმა აბსოლუტურად დაასაბუთა საიდან და როგორ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქალბატონი კვესიტაძე ცდილობდა ჩემთვის დაესვა ეს შეკითხვები, ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ეკითხა. მე არ ვიყავი და არ ვარ ვალდებული, რომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე. მე ვალდებული ვარ, ისევე როგორც მთლიანად ხელისუფლება, რომ რეაგირება მოვახდინოთ თუ ეჭვი იქნება კორუფციის“, - განაცხადა ივანიშვილმა.