ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართველია წასული ემიგრაციაში და ყველა კარგად გაიგებს, რამდენად რთულია უცხო სკოლაში მოსიარულე შვილს შეუნარჩუნო ქართული ენა.
"ძალიან რთულია - ეს იქნება საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში თუ სხვაგან, სადაც გნებავთ. ქალბატონი სალომეს ემიგრაციაში დაბადებაც, ცხოვრებაც იყო იძულებითი. მისმა მშობლებმა ეს შეძლეს. მე ძალიან მოხიბლული ვარ ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს ახლავს. გასაკიცხია, ვინც ეჭვს გამოთქვამს მის ქართველობაში.
ქალბატონი სალომე სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც. ჩვენ პირველ პრეზიდენტს ავირჩევთ ქალბატონს. თამარ მეფე, რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის ხიბლია, რომ ჩვენ შორეულ ისტორიაში ვახერხებდით ქალბატონებზე ის დამოკიდებულება გამოგვეხატა, რაც დღესაც კარგად გამოიხატება ყველა ქართულ ოჯახში. სიმბოლოებიც ბევრი გვაქვს ამის. არ დაიბნეთ, დაივიწყეთ სიძულვილის ენა. სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.