ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა საქართველოში ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაამკვიდრა, ყველა არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი ერთგულება ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული და თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო.
„ყველა არჩევნები, რომლებიც ჩავატარეთ, გამორჩეული იყო თავისუფალი საარჩევნო გარემოს, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს არჩევნების შედეგებისადმი ნდობა. დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმშია, წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების მტკიცე პოლიტიკური ნება. წინასაარჩევნოდ ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი საარჩევნო გარემო ჰქონდეთ. ჩვენ ამომრჩევლებს შევუქმენით თავისუფალი არჩევანის პირობები, ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას და პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის არჩევანს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მე მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობით და საქართველოს განვითარებით აუცილებლად დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.