„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ წლების მანძილზე”, აღნიშნა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელი სპორტის სასახლეში გაიმართა.
კალაძის განმარტებით, მას თანაგუნდელებთან ერთად თავი არ დაუზოგავს, რომ ეს ქვეყანა უკეთესი ყოფილიყო ვიდრე წლების წინ - თავისუფალი, მშვიდობიანი, საკუთარი მოქალაქეების, ადამიანის, სიცოცხლის დამფასებელი და რაც ყველაზე მთავარია, მომავალზე ორიენტირებული.
“ჩვენ განვამტკიცეთ ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის სწორად განვითარების და საიმედო გარანტი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდებიან ის პოლიტიკური პარტიები და პიროვნებები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, ჩაგრავდა მათ და აყენებდა შეურაცხყოფას.
ჩვენ ყველა ეტაპზე ვცდილობდით, რომ ქვეყნის პოლიტიკაში დაგვემკვიდრებინა ახალი, მაღალი სტანდარტი, ევროპული ტიპის დემოკრატია და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ამ სტანდარტების გათვალისწინებით.
ამ სტანდარტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს მიიღო გადაწყვეტილება, მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში იყო სრული ნიჰილისტური განწყობა და არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო არჩევნების - მშვიდობიანი გზით სისხლიანი რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს მოვახერხეთ”, აცხადებს კახა კალაძე.