„ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას - ირგვლივ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, ოკუპირებული ტერიტორიები, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე - წლობით, ათწლეულობით ნაგროვები პრობლემები”, აღნიშნული სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ ამომრჩევლებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილთან შემაჯამებელ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
კალაძის განმარტებით, ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად - არა დაყოფა, მტრობა, მუდმივი არეულობის მცდელობა, არამედ ერთად დგომა, კონსტრუქციული ძალების თანამშრომლობა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკურსი გვჭირდება.
„ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ადამიანებს ყოველდღიური ძალადობისა და წნეხისგან ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, მედია და ბიზნესი გათავისუფლდა, ყველას შეუძლია აზრის და პოზიციის გამოხატვა შიშის და თვითცენზურის გარეშე!
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის, პენიტენციური სისტემის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპულ სივრცეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია.
მიღწეულით, რა თქმა უნდა, არასდროს ვართ კმაყოფილი. ახალი მიზნები უნდა დავისახოთ, ახალი ოცნებების რეალიზებაზე ვიმუშაოთ ერთიანი ძალისხმევით და საზოგადოების კონსოლიდაციით. ამ მიზანსწრაფულობაზე დგას მმართველი გუნდის სიძლიერე, ერთობა ხალხთან და ჩვენი სამშობლოს სწრაფი განვითარება!“, განაცხადა კახი კალაძემ.