სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდს მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, თუ რომელიმე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მესიჯი სწორედ მათ ეხებოდათ
„დღეს „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ისევე როგორც წარმოდგენილია უმრავლესობით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული წარმომადგენლობა ყველა დონეზე. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოგვიდგენია სწორედ ზეპარტიულ ფიგურად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია ითამაშოს თავისუფალი და ზეპარტიული როლი იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქვეყანას დასჭირდება.
ამასთან ერთად, ჩვენი პოლიტიკური ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილი არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სწორედ ამ ამოცანებიდან, ამ მიზნებიდან და ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მესიჯიც ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, თუ ასეთები ჯერ კიდევ არიან და არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ პოზიციაში, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს ამ მიზნების და ფასეულობების მხარდაჭერას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.