არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოძრავებს,– ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პირველი არხის გადაცემა „დებატები 2018“-შიგადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვას - არის თუ არა მისი მიზანი რევანში და რამდენად შეძლებს, იყოს ყველას პრეზიდენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი.
„სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს, რადგან მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნა არის და ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოძრავებს. შეგიძლიათ, აიღოთ ჩემი ინტერვიუები, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ დავტოვეთ კაბინეტები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მანტრასავით ვიმეორებდი ერთ ფრაზას – არ მიმიცია ხმა, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ხელისუფლებაც არის და ძალიან გამიხარდება, თუ იქნება რამე მიღწევა. გავიდა ოთხი წელი, რომელიც მოპარეს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მთლიანად საქართველოს. დადგა მოქმედების დრო. როგორც ეს წამზომი მუშაობს, ისე მუშაობს, ოღონდ ორმაგი სისწრაფით საქართველოს წამზომი და სასწრაფოდ შველა სჭირდება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება ზეპარტიულობას, ვაშაძემ განაცხადა, რომ როდესაც ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყებიდან პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური ნიშნით, სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ.
„ყველას პრეზიდენტი და ზეპარტიული პრეზიდენტი ლიტონ სიტყვებს კი არ ნიშნავს – გაუმარჯოს მომავალს, ყველას პრეზიდენტი ვიქნები, მათ შორის მთაწმინდის პრეზიდენტი. ყველას პრეზიდენტი ნიშნავს იმას, რომ ის 40 ათასი კილომეტრი, რომელიც გავიარეთ და ათასობით ადამიანი, რომელსაც მოვუსმინე, ის 82 დოსიე, რომელიც გავაკეთეთ ამ მდგომარეობაზე, ამაზე მუშაობა უნდა დავიწყო და ნახავთ თქვენ, როგორ არ დაიწყებენ მუშაობას ხელისუფლების აღმასრულებელი შტოები, როდესაც პასუხს მოვთხოვ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.