25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წითელ დარბაზში გაიმართება ვიქტორ დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი გამოცამის პრეზენტაცია.
კლავირზე მუშაობდნენ: რედაქტორი - რევაზ ტაკიძე, კლავირის ელექტრონული ვერსია - ლევან გოცირიძე, თარგმანი - თამარ ჯაფარიძე, მანანა პაიჭაძე, დიზაინერი - ბესიკ დანელია, პროექტის ხელმძღვანელი - ქეთევან ნოზაძე. კლავირი გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.
ახალი კლავირის შექმნის აუცილებლობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მხოლოდ ხელნაწერი ნოტები გააჩნდა, რომელიც უკვე აღარ გამოიყენებოდა ხმარებისათვის. ერთადერთი ადამიანი ვისაც შეეძლო აღედგინა და ემუშავა ახალ კლავირზე იყო რევაზ ტაკიძე, რომელიც ვიქტორ დოლიძის ამ ოპერაზე 70-იანი წლებიდან მუშაობს, ახსოვს ძველი დადგმები და წლებია დირიჟორობს ზეპირად ამ ოპერას. სწორედ ბატონი რეზოს რედაქციით გამოიცა „ქეთო და კოტეს“ ახალი კლავირი.
27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 167-ე სეზონზე პირველ პრემიერას შესთავაზებს თავის საყვარელ მაყურებელს. ვიქტორ დოლიძის ყველასათვის საყვარელი ოპერა „ქეთო და კოტე“ კვლავ დაუბრუნდება სცენას.
„ქეთო და კოტეს“ დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი - იოანე (ვანო) ხუციშვილი, მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი - ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, სტაჟიორები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
„ქეთო და კოტეს“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 28, 31 ოქტომბერს და 3, 4, 6, 7 ნოემბერს.