საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანაფის კულტივაცია/ექსპორტის წინააღმდეგია.
მისი თქმით, ორი მიზეზი არსებობს, რის გამოც ის ინიციატვიას მხარს არ უჭერს.
მისი განმარტებით, პირველი არის ის, რომ რთული იქნება მისი კონტროლი და მეორე - საგარეო ფაქტორით ეს იქნება ცუდი, რადგან მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა არ არის ის იმიჯი, რის გამოც საქართველო უყვართ, აფასებენ და ეხმარებიან მას.
„სრულიად მიუღებელია ჩემთვის ნარკოტიკული საშუალებების წარმოება საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე - თუკი ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროილებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი. მეორე ფაქტორია საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისი - საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა - ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოყვეს რთული შედეგები. საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნარკოტიკული საშუალების მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება ჩვენს სამშობლოს მიეწეროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობის კატეგორიული წინააღმდეგია.