საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ლუქსემბურგის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.
კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" წარადგინეს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველო-ლუქსემბურგის ურთიერთობებზე და მოწვეულ სტუმრებს ქართული ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის ისტორია გააცნო. საღამოს ფარგლებში, ასევე მოეწყო ტურისტული ჟურნალის "Diaries of Magazine" სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს ტურისტული პოტენციალის და ქართული ღვინის ისტორიის შესახებ.