2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის ახალი არ არის, ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია „პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტზე „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ განაცხადა.
მისი თქმით, ტერმინი „დანაშაულებრივი რეჟიმი“ პრობლემა არ არის.
„პოზიცია ნათელი რომ იყოს, 2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის არ არის არც სირთულე და არც ახალი. ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ. მათ შორის იმ დადგენილებით, რაც 2016 წელს მივიღეთ და ახლაც ვიმეორებ იმას, რაც იქ წერია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ძალადობრივი, სასტიკი და დანაშაულებრივი იყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც განმარტა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტში მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო.
„რეზოლუციის მოთხოვნაში დასაზუსტებელია, რომ სამართლებრივად იურიდიულ კომიტეტს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდეს. მოთხოვნა სამართლებრივად სწორი უნდა იყოს. შეფასების ნაწილში პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ პარლამენტს უფლება არ აქვს, კონკრეტული სახელი და გვარი ჩაწეროს, რომლის დასჯასაც სამართლებრივი ორგანოების მხრიდან ითხოვს. ეს აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რადგან საქმეები ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულია“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, გამოძიების წარმართვის, დასრულებისა და დამნაშავე პირთა გამოვლენის მოთხოვნის უფლება პარლამენტს აქვს, მაგრამ კონკრეტული პირის დასჯის მოთხოვნის უფლება არა.
„ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გვეუბნება, რომ ეს მართლმსაჯულების საქმეა. სამართლებრივად რეზოლუციის მოთხოვნების დახვეწა საჭიროა. ფორმულირებები გასამართია. ამის შემდეგ კომიტეტს კენჭისყრა შეუძლია ჩაატაროს და პოზიციები გამოჩნდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გადადო.
ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ტერმინ – დანაშაულებრივ რეჟიმს ერიდებიან.