საქართველოსა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნითი დოუმ.
მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა განავითაროს ურთიერთობები ბოცვანას რესპუბლიკასთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლებისა და კულტურის სფეროში, ასევე სახელმწიფო სექტორის რეფორმირების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით.
კმაყოფილებით აღინიშნა მიმდინარე წელს ბოცვანას დედაქალაქში გამართული პირველი ქართული კულტურული ხასიათის ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „საქართველოს შეხვედრა ბოცვანასთან" და ქართველი მხატვრის სანდრო ერისთავის ნამუშევრების გამოფენა „აფრიკული ფერები, აფრიკული სული". აღსანიშნავია, რომ ორივე ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატიო კონსულის მოთუსი სერუმოლას მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრაზე ბოცვანას საგარეო უწყების ხელმღვანელს ქართველმა კოლეგამ ინფორმაცია გაუზიარა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.