ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ის შეეცდება რომ დატოვოს საქართველო, რადგან, მისივე თქმით, "მომიწევს ისეთების გაკეთება, რაც არ შეეფერება ჩემს სახეს და ჩემს ყოფას".
თუმცა, მეუფე ანტონი აქვე აღნიშნავს, რომ მან იცის, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გახდება.
როგორც "რუსთავი 2"-ის შაბათის კურიერში მან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი მისთვის მიუღებელი საპრეზიდენტო კანდიდატია.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მისთვის მიუღებელია.
„მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის სავსებით მიუღებელია. მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც მასეთი აზროვნებით იქნება. დავუშვათ, ასეც რომ ყოფილიყო, ყველა დონეზე ასეც რომ ყოფილიყო, ეს არ უნდა ეთქვა“, - განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ შეხედულებებს არ შეიცვლის.
„არ გამხდარა და ასე არის და რომ გახდება, შეეცვლება უკეთესობისკენ აზრი? მე ნამდვილად არ მინდა იმ საქართველოში ცხოვრება. შეიძლება, თავშესაფარი ვითხოვო“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.