2 სექტემბერს 15:00 საათზე შუახევის კულტურის ცენტრში ანსამბლი ,,ადილეი" კონცერტს გამართავს.
,,ადილეი" ჩამოყალიბდა 2012 წელს. ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული ანსამბლი გამოირჩევა ტრადიციული საშემსრულებლო მანერით, იმპროვიზაციითა და ინდივიდუალობით. ერთად მღერის სურვილმა გააერთიანა ერთი სამეგობრო წრე. მათი მიზანი იყო: ჭეშმარიტი ფოლკლორული ნიმუშებისა და ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაცია, ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი სილაღის, სიხარულის, უშუალობის, სიხალასის მსმენელამდე მიტანა-გაზიარება. ,,ადილეი" მსმენელის წინაშე პირველად 2014 წლის გაზაფხულზე წარდგა - ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში გამართულ მანანა შილაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე და იმთავითვე მსმენელთა და სპეციალისტთა აღიარება მოიპოვა.
,,ადილეის" რეპერტუარის მთავარი წყარო საარქივო ჩანაწერებია. უპირატესი - გურული, აჭარული, მეგრული და იმერული სიმღერები... არაზუსტი ასლები, არამედ გათავისებული, მორგებული, ახალსიცოცხლემინიჭებული, საკუთარი - ადილეისეული ვარიანტები. საკრავები, რა თქმა უნდა, ტრადიციული: ჩონგური, დოლი, ფანდური...
ანსამბლი მონაწილეობდა არაერთ კულტურულ ღონისძიებასა და საქველმოქმედო კონცერტში, სატელევიზიო პროექტებსა და რადიოგადაცემებში, ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმის კონცერტებში. გასტროლებით მოიარა იტალია და გერმანია.
15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი - „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ - საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.
ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.