ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკო გაეცნო 10 ოპოზიციური პარტიის მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს, რასთან დაკავშირებითაც ცენტრალური საარჩევნო კომისია პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს.
მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია, შემდეგში უკვე დაიწყება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით გამოცხადდება კონკურსი.
"რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო და უახლოეს მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციას ამ საკითხზე უფრო დეტალურად მოგაწოდებთ",- განაცხადა მიქელაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ, რომელიც მათი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფას ეხება.