ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია.
კინოფესტივალი16 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია“ (რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომლის მუსიკალურ გაფორმებას შეასრულებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. გახსნის ცერემონიაზე ასევე, დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის - ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.
კინოჩვენებები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
- კინოთეატრი «აპოლო»
- სასტუმრო „უინდჰემის“ კონფერენს დარბაზი
- «კინოჩვენებები ღია ცისქვეშ» ერას მოედანზე
კინოფესტივალის პროგრამა - პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან - საერთაშორისო კონკურსი (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი), რეტროსპექტივები, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
2018 წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან
კინოფესტივალის პრიზები - გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:
- მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი.
- დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
- მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
- კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. LIFETIME ACHIEVEMENT) - ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის
- მასტერკლასები - კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული კინორეჟისორების მიერ ორგანიზებული იქნება საინტერსო მასტერკლასები კინემატოგრაფიის სტუდენტებისთვის და კინოს სფეროთი დაინტრესებული პირებისთვის
კინოფესტივალზე დასწრება - კინოსეანსებზე დასწრება უფასოა! კინოთეატრ "აპოლო"-ში კინოჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ “უფასო ბილეთების” (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ "აპოლოში" მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ ე.წ. "უფასო ბილეთები” ადგილის რეზერვაციის მიზნით.