თხოვნა მაქვს ყურადღებით მომისმინოთ, კარგი იქნება ტელეფონსაც ცოტა ხანი თუ მოეშვებით, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ და მერწმუნეთ, უკეთ გაიგებთ, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ შს მინისტრს, გიორგი გახარიას, მას შემდეგ, რაც მან ვრცელი კითხვის გამეორება სთხოვა.
„4 დეკემბერს თქვენს განცხადებაში თქვით, რომ ყველა ძირითადი ფიგურანტი იყო გამოვლენილი, ამით ხომ არ შექმენით განცდა თქვენს უწყებაში, რომ მეტზე არავისზე გასვლა და არვის დამატებით გამოვლენა აღარ იყო საჭირო? ეს ხომ არ იყო გარკვეული შეცდომა, რომელმაც განაპირობა, რომ გამოძიებას დრო არ ეყო იმისთვის, რომ დამატებით პიროვნება გამოევლინა?“, - მიმართა კაპანაძემ გახარიას.
სწორედ აღნიშნული კითხვის გამეორება სთხოვა გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს.
„თუ შეიძლება კითხვა გაიმეოროთ. კითხვის გამეორებას იმიტომ გთხოვთ, თქვენ ბევრს საუბრობთ და ამ საუბარში კითხვის ძირითადი შინაარსი იკარგება“, - აღნიშნა გახარიამ.
„კარგით ბატონო გიორგი, მაშინ თხოვნა მაქვს ყურადღებით მომისმინოთ, კარგი იქნება ტელეფონსაც ცოტა ხანი თუ მოეშვებით, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ და მერწმუნეთ, უკეთ გაიგებთ“, - დასძინა კაპანაძემ.
ამის შემდეგ კი, შს მინისტრმა განმარტა, რომ მისი განცხადების გაკეთებისას დანაშაულის ჩადენის ორი იარაღი - დანა ამოღებული იყო და განაცხადა, რომ ძირითადი დამნაშავეები გამოვლენილი იყვნენ.
„ყველა ძირითადი ფიგურანტი იმ მომენტისთვის იყო გამოვლენილი, რაც მე ვთქვი განცხადებაში. ქართულად ხომ ვსაუბრობ? ყველა ძირითადი ყველას არ ნიშნავს. მაშინ მკვლელობის ორი იარაღი არსებობდა, რომელიც ამოღებული იყო და რის საფუძველზეც ვთქვით, ყველა ძირითადი“, - განმარტა გახარიამ.
„ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ არავინ დაშვებაც კი არ გააკეთეთ, რომ დამატებითი იარაღიც ყოფილიყო და თვლიდით, რომ იმ ერთი იარაღით იყო 12 ჭრილობა მიყენებული“, - უპასუხა კომისიის თავმჯდომარემ.